რაც კაცობრიობას ახსოვს საკუთარი ისტორია, ყველა ერს, ყველა ეთნოს და ყველა ტომს აუცილებლად გააჩნდა რაიმე რელიგია. შეიძლება ძალიან განსხვავებული მაგრამ ყველას სჯეროდა (ან ცდილობდნენ დაეჯერებინათ) ერთი რამის - არსებობს უხილავი არსება ან არსებები რომლებიც განაგებენ სამყაროს და ადამიანის ბედს.
ესე იგი საქმე გვაქვს რაღაც კანონზომიერებასთან. ჩემი აზრით არის მხოლოდ 2 ვარიანტი:1) რელიგია არის უშუალოდ ევოლუციის პროდუქტი და ადაიანის ერთ-ერთი "გაუმჯობესება". ანუ ევოლუციის შედეგად რაღაც გარემოებების გამო ყველა ის თემი რომელსაც არ გააჩნდა რელიგია, ამოწყდა ან შეურთდა რელიგიურ თემს. აქ უბრალოდ დავაზუსტებ რომ ევოლუცია უნდა გვესმოდეს უფრო ფართო გაგებით ვიდრე მიღებულია როდესაც მაიმუნისგან ადამიანის წარმოშობამდე ხდება მისი პრიმიტივიზაცია. ევოლუცია არის ზოგადად სისტემის განვითარების გზა. ამ შემთხვევაში ვითარდებოდა სოციუმი, ეთნოსი ან რაიმე ჯგუფი/ჯგუფები ხოლო გენის როლს ასრულებს თემის მეხსიერება, იგივე ტრადიციები. თუმცა სრულიად დასაშვებია ისიც რომ რეალურად გენეტიკური ცვილელებიც განაპირობებდა რელიგიისადმი მიდრეკილებას;
2) რელიგია არის უბრალოდ ადამიანის რომელიღაცა ევოლუციური "გაუმჯობესების" გვერდითი მოვლენა. მაგალითად როგორც სლოკინი, რომელიც ჩვენ ევოლუციურ წარსულიდან მოგვყა წყლიდან ამოსვლის გამო;
ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდი რომ სწორედ პირველი ვარიანტით ვითარდებოდა კაცობრიობა. მე თითქმის დარწმუნებული ვიყავი რომ რელიგია, ასრულებდა რა პრევენციულ როლს, სოციუმის შეკვრას და გარკვეული თამაშის წესების ქონას უწყობდა ხელს. სოციუმი დაიშლება თუ არ იქნება საერთო თამაშის წესები. ყველა ქმედებას მოყვება შედეგი, სასჯელი ან ჯილდო. ასე ვთქვათ პავლოვის ძაღლივით გამოწვრთნილი ინდივიდები გამოდიოდნენ სოციუმის წევრები. უხილავი არსების შიში შეიძლება აკავებდა ინდივიდებს გარკვეული თამაშების წესების დარღვევისგან და ამით ხელს უშლიდა სოციუმის ქაოსში გადასვლას და დაშლას.
ერთ დილას ელიავას ბირჟასთან გავიარე და დავინახე ვიღაც სანტექნიკი როგორ იწერდა პირჯვარს. უცებ დავფიქრდი, რატომ იწერს ეს პირჯვარს, დღეს ეს არავის მოატყუებს? არავის დააგოიმებს? თუ პირიქით, ავანსად ითხოვს პატიებას დღევანდელი ტყუილებისთვის?
ერთი საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს, მონაწილეებს უთხრეს რომ უნდა პასუხები გაეცათ რაღაც უნარჩვევების ტესტებზე და რამდენ სწორ პასუხსაც გასცემდნენ, იმდენ დოლარს მიიღებდნენ. შემდეგ გამოსაცდელებისგან მოულოდნელად, მათ სტოვებდნენ მარტოს, იმიზეზებდნენ საჩქარო საქმეს და თხოვდნენ თავად დაემთავრებინათ ტესტი და აეღოთ ზუსტად იმდენი დოლარი, რამდენი სწორი პასუხიც იქნებოდა. ზოგი პატიოსნად იღებდა იმდენს რამდენიც ეკუთვნოდა, ზოგი კი მეტს. მაგრამ ყველაზე საინტერესო იყო ის რომ გამოსაცდელების ერთი ნაწილი უფრო ხშირად ეშმაკობდა ვიდრე მეორე. საქმე იმაშია რომ ყველა გამოსაცდელს წინასწარ ჩაუტარეს ლექცია თემაზე განაგებს თუ არა ადამიანი საკუთარ ბედს. სინამდვილეში დღესაც ეს საკამათო თემაა მაგრამ საცდელების ერთ ნაწილს მოასმენინენს ერთი ვერსია რომ ადამიანი საკუთარ ბედს ვერ განაგებს და სინამდვილეში მისი ნებისმიერი გადაწყვეტილება ეს არის ფიზიკის კანონების შედეგი და წინასწარ გამოთვლა არის შესაძლებელი, ანუ ცნობილია რა მთელი წარსული, განსაზღვრულია მთელი მომავალი. ხოლო მეორე ნაწილს მოასმენინეს უფრო თანამედროვე ვერსია რომ თანამედროვე ფიზიკაში დასაშვებია მოდელის ალბათური განვითარება, როდესაც სისტემის საწყისი მდგომარეობა ცალსახად ვერ განსაზღვრავს მის მომავალ მდგომარეობას.
ხოდა აღმოჩნდა რომ ის გამოსაცდელები ვინც დაარწმუნეს რომ ისინი ვერ განაგებენ საკუთარ ბედს, უფრო მეტად ეშმაკობდნენ ვიდრე ისინი ვინც ფიქორბდნენ რომ მათი საქციელი არის მათი საკუთარი გადაწყვეტილება. როდესაც ადამიანი ფიქრობს რომ ყველაფერი განგების შედეგია და არა მისი ქმედების, ის იხსნის პასუხისმგებლობას საკუთარი ქმედებებისგან, ის აკეთებს რამეს და ფიქრობს - მე რა შუაში ვარ, ეს განგების ხელია, მაინც ასე მოხდებოდა. თავდაპირველად ამისი აღქმა ძნელია, თითქოს როგორც პარადოქსი ჟღერს მაგრამ თუ დაუფიქრდებით სრულიად ლოგიკურია. მაშ რა გამოდის? არის რელიგია პრევენცია? ქრისტეს ხელში დაჭერილი ტაბურეტკა - არაფერს არ გახსენებთ ეს?
თანამედროვე ცივილური (!) საზოგადოება ეფუძნება უფრო მეტ პიროვნულ თავისუფლებას, შესაბამისად საზოგადოების ტრადიციების როლი პიროვნების ჩამოყალიბებაში სულ უფრო მცირდება. ბევრი ფსიქოლოგიური ტესტი ადასტურებს რომ ადამიანს აქვს მიდრეკილება რწმენისკენ და არა სოციუმს გამომდინარე ტრადიციებიდან, უფრო სოციუმი ემორჩილება ამ მიდრეკილებას და შემდეგ უკვე უკან ურბუნდება სოციუმის თითოეულ წევრს ეს მიდრეკილება როგორც უმრავლესობის ნება. შესაბამისად მე ვფიქრობ რომ მეორე ვარიანტი უფრო რეალურია ვიდრე პირველი. რელიგია არის ადამიანის ევოლუციის შედეგად ჩამოყალიბებული ცნობიერების თანმდევი მოვლენა. აი წარმოიდგინეთ უცხოპლანეტელები რომ ჩამოვიდნენ დედამიწაზე და ნახონ გზები, ალბათ ერთ-ერთი დასკვნა ასეთი იქნებოდა - ადამიანები დადიან მანქანებით და ერთმანეთს ეჯახებიან. მათთვის ადამიანი, მანქანა და ავარია, 3 გაუყოფელი ცნება იქნება, მაგრამ რომელმა რომელი წარმოშვა? ჩვენთვის ხო მარტივია პასუხი, ავტომობილის შექმნის გვერდითი მოვლენაა ავარიები, თუმცა უცხოპლანეტელისთვის ასე მარტივი არ იქნება ამ დასკვნის გაკეთება, მათ ხომ არ იციან ჩვენი ისტორია. შეიძლება იფიქრონ რომ ავარიები ჩვენი სოციუმისთვის არსებობის აუცილებელი ფაქტორია და ის მანქანები რომლებიც ვერ ახდენდნენ ავარიებს ადამიანებმა უარყვეს. მაგრამ თუ დიდხანს დარჩებიან დედამიწაზე, ცხადია ისინიც მივლენ იმ დასკვნამდე რომ ეს უბრალოდ გვერდითი მოვლენაა და არა ევოლუციური გაუმჯობესების შედეგი. ისინიც და ჩვენც მივხდებით რომ მანქანის არსებობა არ ნიშნავს აუცილებლად ავარიის არსებობას, ესე იგი ეს გვერდითი მოვლენა შესაძლოა ადრე თუ გვიან გაქრეს მორიგი გაუმჯობესების შედეგად. მაგრამ გაქრება თუ არა რელიგია მორიგი გაუმჯობესების შედეგად?
No comments:
Post a Comment